GE / EN
მიწოდების მომსახურება
21 ნოემბერი, 2024

ზოგადი ინფორმაცია

ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებას ახორციელებს ელექტროენერგიის მიმწოდებელი, ხოლო მიწოდების მომსახურების მიმღები არის ელექტროენერგიის საბოლოო საცალო მომხმარებელი. მიმწოდებელი ელექტროენერგიას ყიდულობს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე და ელექტროენერგიის გადაცემისა (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელი) და განაწილების (სს ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელი) ქსელების საშუალებით აწვდის მომხმარებელს. მომხმარებელზე დარიცხული მიწოდების მომსახურების სრული ტარიფი მოიცავს ყველა მომსახურებას, რაც ელექტროენერგიის მომხმარებლამდე მიტანისთვის არის საჭირო. ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ტარიფები დგინდება სემეკის მიერ და ფიქსირებულია მიუხედავად იმისა, რომელი მიმწოდებლისგან იღებს მომსახურებას მომხმარებელი. მიწოდების მომსახურება რეგულირდება მხარეებს შორის არსებული მიწოდების ხელშეკრულებით და სემეკის  2020 წლის 13 აგვისტოს #13 დადგენილებით დამკიცებული საცალო ბაზრის წესებით.

მიწოდების მომსახურება პირობითად იყოფა ორ ნაწილად: მიწოდება, როგორც საჯარო მომსახურება, თავისუფალი მიწოდება და ბოლო ალტერნატივის მიწოდება.

საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდება

ასეთ საქართველოში ახორციელებს სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ (სს ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელზე მიერთებულ მომხმარებლებზე) და  შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) (თელასის ქსელზე მიერთებულ მომხმარებლებზე). საჯარო მიწოდების ვალდებულება მიმწოდებელ კომპანიებს ეკისრებათ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მიწოდების ტარიფებს ადგენს სემეკი. თავის მხრივ ასეთი მომსახურება იყოფა უნივერსალურ და საჯარო მიწოდებად. უნივერსალურ მიწოდებას იღებს მოსახლეობა და მცირე საწარმოები, ხოლო საჯაროს – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები.

თავისუფალი მიწოდება

თავისუფალი მიმწოდებელი არ არის შეზღუდული მიწოდების გეოგრაფიული არეალით და მისთვის არ არის დადგენილი მიწოდების ტარიფი. ნებისმიერ საცალო მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მიწოდების მომსახურება თავისუფალი მიმწოდებლისაგან წინასწარ შეთანხმებული ფასით და პირობებით.

ბოლო ალტერნატივის მიწოდება

ასეთი მომსახურების გაწევა საქართველოს მთავრობის მიერ დაკისრებული აქვს იგივე მიმწოდებლებს, რომლებსაც საჯარო მომსახურების სახით მიწოდება შესაბამის არეალებში. ბოლო ალტერნატივის მიწოდების მომსახურებით სარგებლობენ ისეთი მომხმარებლები, რომლებმაც რაიმე მიზეზის გამო დაკარგეს თავისუფალი მიმწოდებელი. ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფს ადგენს სემეკი.