GE / EN
მომხმარებლის უფლებები, მიმწოდებლის შერჩევისა და შეცვლის პროცედურა
21 ნოემბერი, 2024

მომხმარებელი უფლებამოსილია:

  • შეარჩიოს მიმწოდებელი, დადოს მასთან მიწოდების ხელშეკრულება მისთვის მისაღები პირობებით და მიიღოს მიწოდების მომსახურება ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;
  • ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებით დადგენილი პირობებით, ნებისმიერ დროს შეცვალოს მიმწოდებელი. დაუშვებელია, მიმწოდებელმა ან სხვა პირმა ხელი შეუშალოს მომხმარებელს მიმწოდებლის შეცვლის უფლების განხორციელებისას. მიმწოდებლის შეცვლა უფასოა;
  • მიწოდების ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უსასყიდლოდ მიიღოს ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები;
  • რამდენიმე აღრიცხვის კვანძზე მიმწოდებელთან დადოს ერთი მიწოდების ხელშეკრულება;
  • უარი განაცხადოს მიწოდების ხელშეკრულების შეცვლილი პირობების მიღებაზე და შეცვალოს მიმწოდებელი ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების V თავით დადგენილი წესით;
  • საჯარო შეთავაზების მოქმედების ვადის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მიუერთდეს შესაბამის მიწოდების ხელშეკრულებას და ამ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, თავისუფალ მიმწოდებელს წარუდგინოს შესაბამისი მიწოდების ხელშეკრულების ხელმოწერილი ეგზემპლარი, ელექტროენერგიის საცალო ბაზრის  წესების მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით;
  • მომსახურების ცენტრში მოითხოვოს მიწოდების ხელშეკრულების, მიმწოდებლის შეცვლის შესახებ განაცხადის, აგრეთვე, ასეთის არსებობის შემთხვევაში – პრეტენზიის ფორმისა და სხვა სახის განაცხადის ფორმის მატერიალური სახით მიღება;
  • მიწოდების ხელშეკრულების დადების დროს მოითხოვოს ქვითრის მიღება მატერიალური, ელექტრონული ან მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით; აგრეთვე, მიწოდების ხელშეკრულების დადების ან, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, უნივერსალური მიწოდების ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებაზე ავტომატურად მიერთების შემდგომ, ნებისმიერ დროს, მოითხოვოს ქვითრის მიღება ელექტროენერგიის საცალო ბაზრის  წესების მე-16 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახითა და საშუალებით;
  • წინსწრებით გადაიხადოს მომსახურების საფასური. მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც აღემატება ქვითარში მითითებულ მომსახურების საფასურს, აისახება მომხმარებლის ანგარიშზე, დადებითი ბალანსის სახით და მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული იქნება მომდევნო დარიცხვის პერიოდის/პერიოდებისთვის მომსახურების საფასურის ასანაზღაურებლად;
  • მოითხოვოს ანგარიშზე დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხის დაბრუნება მიმწოდებლის მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით;
  • მოითხოვოს ქვითარში მომსახურების საფასურის არასწორად მითითების გამო ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა თავის ანგარიშზე, დადებითი ბალანსის სახით, ან მისი დაბრუნება საბანკო ანგარიშზე. მიმწოდებელი ვალდებულია, ზედმეტად გადახდილი თანხა ასახოს შესწორებულ ქვითარში ან უზრუნველყოს თანხის დაბრუნება მომხმარებლის მოთხოვნიდან ათი დღის ვადაში;
  • ნებისმიერ დროს შეცვალოს მიმწოდებლისთვის წარდგენილი დეპოზიტის სახით წარდგენილი თანხა საბანკო გარანტიით ან საბანკო გარანტიის სანაცვლოდ მიმწოდებელს წარუდგინოს თანხა;
  • მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესის შესაბამისად, მიმართოს კომისიას, კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს ან სასამართლოს;
  • ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყებამდე აირჩიოს მიმწოდებელი;
  • ნებისმიერ დროს შეცვალოს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი სხვა მიმწოდებლით, ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების V თავის შესაბამისად;
  • ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.

მსხვილი მომხმარებელი უფლებამოსილია:

  • მიწოდების ხელშეკრულება დადოს ერთზე მეტ თავისუფალ მიმწოდებელთან, ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების/ობიექტისათვის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით;
  • თავისუფალ მიმწოდებელთან დადოს მიწოდების წყვეტადი ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განისაზღვრება დღეების რაოდენობა ან/და დროის შუალედი, რომლის განმავლობაშიც თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, არ მიაწოდოს ელექტროენერგია მსხვილ მომხმარებელს ან/და შეუზღუდოს მას მისაწოდებელი სიმძლავრე.

საყოფაცხოვრებო მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეწყვიტოს მიწოდების ხელშეკრულება, რის თაობაზეც აცნობებს მიმწოდებელს, ან შეიცვალოს მიმწოდებელი ელექტროენერგიის საცალო ბაზრის  წესების V თავით დადგენილი წესით.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი უფლებამოსილია, მიწოდების ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე, მიმწოდებლის შეცვლის მიზნით, ელექტროენერგიის საცალო ბაზრის  წესების V თავის შესაბამისად.

მიმწოდებლის შერჩევა

მომხმარებელი უფლებამოსილია, შეარჩიოს მიმწოდებელი, დადოს მასთან მიწოდების ხელშეკრულება მისთვის მისაღები პირობებით და მიიღოს მიწოდების მომსახურება ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

მიმწოდებლის შეცვლის უფლება

მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს მიმწოდებელი. მიმწოდებლის შეცვლა უფასოა. დაუშვებელია, მიმწოდებელმა ან სხვა პირმა ხელი შეუშალოს მომხმარებელს მიმწოდებლის შეცვლის უფლების განხორციელებისას. მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის განხორციელებას უზრუნველყოფს ახალი მიმწოდებელი.

მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი

მომხმარებელი, რომელსაც სურს მიმწოდებლის შეცვლა, ახალ მიმწოდებელს  მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარუდგენს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადს. მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის ფორმას ამტკიცებს კომისია.

მიმწოდებლის შეცვლის განაცხადი უნდა შეიცავდეს:

  • მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
  • აბონენტის ნომერს;
  • მიწოდების მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – დამატებითი საკონტაქტო პირის მონაცემებს;
  • მიმწოდებლის შეცვლის/ახალი მიმწოდებლის  მიერ მიწოდების დაწყების სასურველ თარიღს;
  • თანხმობას, რომ  არსებულ მიმწოდებელთან და სისტემის ოპერატორთან მომხმარებლის სახელით ურთიერთობა აწარმოოს ახალმა მიმწოდებელმა.

მიმწოდებლის შეცვლა მომხმარებლის მიერ უძრავი ქონებით დროებით სარგებლობისას

მომხმარებლის მიერ უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია, შეცვალოს მიმწოდებელი. ახალ მიმწოდებელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს უძრავი ქონებით დროებით სარგებლობის ვადას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი წარადგენს უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობას ახალ მიმწოდებელთან უძრავი ქონებით სარგებლობის ვადაზე მეტი ვადით მიწოდების ხელშეკრულების დადების თაობაზე.

მიმწოდებლის შეცვლის პროცედურაგანაცხადის განხილვა

  • მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის მიმდინარეობისას, არსებულ მიმწოდებელს, ახალ მიმწოდებელს, შესაბამის სისტემის ოპერატორსა და კომისიას შორის ურთიერთობა ხორციელდება სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
  • ახალი მიმწოდებელი ამოწმებს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან  შესაბამისობას და მასში მოცემული ინფორმაციის სისწორეს. ამ მიზნით, ახალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან.
  • თუ ახალი მიმწოდებელი   მიიჩნევს,   რომ   განაცხადი არ შეესაბამება ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს ან შეიცავს არასწორ ინფორმაციას, ამის თაობაზე აცნობებს მომხმარებელს განაცხადის მიღებიდან სამი დღის ვადაში და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც არ უნდა იყოს ორ დღეზე ნაკლები. ამ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე, მიმწოდებლის შეცვლის ვადის დინება ჩერდება.
  • ახალი მიმწოდებელი წყვეტს განაცხადის განხილვას, თუ მომხმარებელი არ აღმოფხვრის ხარვეზს ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების 40-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში, რის შესახებაც აცნობებს მომხმარებელს. მომხმარებელი უფლებამოსილია, ახალი განაცხადით ხელახლა მიმართოს ახალ მიმწოდებელს.
  • მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის წარდგენიდან, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში – ხარვეზის აღმოფხვრიდან 2 დღის ვადაში, ახალი მიმწოდებელი მიმწოდებლის შეცვლის განაცხადს უგზავნის შესაბამის სისტემის ოპერატორსა და მომხმარებლის არსებულ მიმწოდებელს.
  • თუ ახალი მიმწოდებელი ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების 40-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის გაგზავნიდან სამი დღის ვადაში არ მიიღებს უარს მიმწოდებლის შეცვლაზე ელექტროენერგიის საცალო ბაზრის  წესების 41-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, იგი განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს სისტემის ოპერატორს, არსებულ მიმწოდებელსა და მომხმარებელს.
  • თუ სისტემის ოპერატორი სხვადასხვა ახალი მიმწოდებლისაგან მიიღებს ინფორმაციას ერთი და იმავე მომხმარებლის მიერ (გარდა მსხვილი მომხმარებლისა) ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე/ობიექტზე მიმწოდებლის შეცვლის შესახებ განაცხადის წარდგენის თაობაზე, იგი შესაბამის შეტყობინებას უგზავნის იმ ახალ მიმწოდებელს, რომელსაც უფრო ადრე წარედგინა განაცხადი, რაც უფრო ადრე წარდგენილი განაცხადის განხილვის შეწყვეტის საფუძველია. უფრო გვიან წარდგენილი განაცხადი განიხილება ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების 40-ე  მუხლით დადგენილი წესით.
  • მიმწოდებლის შეცვლის თაობაზე ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების 41-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით უარის მიღების შემთხვევაში, ახალი მიმწოდებელი, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს კომისიას, სისტემის ოპერატორს, არსებულ მიმწოდებელსა და მომხმარებელს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის ვადის დინება ჩერდება.
  • კომისია, მიმწოდებლის შეცვლის თაობაზე უარის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შეისწავლის უარის მიზეზს და იღებს გადაწყვეტილებას მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და აცნობებს ახალ მიმწოდებელს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს სისტემის ოპერატორს, არსებულ მიმწოდებელსა და მომხმარებელს. კომისიის მიერ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებლის შეცვლის პროცედურა წყდება, ხოლო მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში,  ახალი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის ვადის დინება განახლდება.
  • განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიმწოდებლის შეცვლის ან ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყების დღეს, რომელიც მითითებულია მიმწოდებლის შეცვლის განაცხადში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს მრიცხველის წაკითხვას.
  • მიმწოდებლის შეცვლის პროცედურა სრულდება ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების მე-40 მუხლის მე-6 ან მე-9 პუნქტის შესაბამისად ახალი მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის, არსებული მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე შეტყობინების გაგზავნისთანავე. მიმწოდებლის შეცვლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის მიღებიდან სამ კვირას.
  • მომხმარებელი უფლებამოსილია, უარი თქვას მიმწოდებლის შეცვლაზე ზემოთ აღწერილი პროცესის დასრულებამდე და მოითხოვოს მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის განხილვის შეწყვეტა. ასეთ შემთხვევაში, დაუშვებელია, მომხმარებელს დაეკისროს პირგასამტეხლო ან რაიმე სხვა სახის გადასახდელი.

მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლები

  • სისტემის ოპერატორის მიერ მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძვლებია:
    • თუ სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ მომხმარებელმა ერთსა და იმავე დღეს მიმართა ერთზე მეტ მიმწოდებელს, ერთი საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე/ობიექტზე  მიმწოდებლის შეცვლის განაცხადებით;
    • მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის შეუსაბამობა ქსელთან მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებთან.

ზემოთ მითითებული უარის თქმის საფუძვლები არ გამოიყენება მსხვილი მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის შეცვლის განაცხადის დაკმაყოფილება არ იწვევს ქსელთან მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობას.

  • არსებული მიმწოდებლის მიერ მიმწოდებლის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველია მომხმარებლის მიერ დარიცხვის ერთზე მეტ პერიოდზე დარიცხული მომსახურების საფასურის გადაუხდელობა.

 მხარეთა ვალდებულებები მიმწოდებლის შეცვლისას

  • არსებული მიმწოდებელი ვალდებულია, ელექტროენერგიის საცალო ბაზრის  წესებით დადგენილი პირობებით, უზრუნველყოს მომხმარებლისთვის მიწოდება ახალ მიმწოდებელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და ახალი მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყებამდე, იმგვარად, რომ აღნიშნულმა არ გამოიწვიოს მომხმარებლისთვის მიწოდების წყვეტა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მომხმარებელს მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა არსებული მიმწოდებლის მოთხოვნით ან თუ მომხმარებელი არ იხდის მომსახურების საფასურს ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
  • თუ მომხმარებელი ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის არსებული მიმწოდებლის მიერ საბოლოო დარიცხვის პერიოდზე დარიცხულ მომსახურების საფასურს, არსებული მიმწოდებელი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ახალ მიმწოდებელს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით.